logo
ENG



პრაიდის ოფისის დარბევაში ბრალდებული:"ელგებედე" ხალხთან პრეტენზია არ მაქვს, დროშა ჩამოვაგდეთ

10 ივლ 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/10/sl0rnm055g3y272.png

Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევაში ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძალადობრივ აქციაში მისი მონაწილეობა კონკრეტული ჯგუფების მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას არ უკავშირდებოდა.

ბრალდებულის თქმით, ძალადობრივ აქციაზე მისი ყოფნა განაპირობა იმან, რომ სურდა ლგბტქ+ თემის მიმართ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

ძალადობრივ აქციაში მონაწილემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ Tbilisi Pride-ის ოფისის მინას "ინერციით" დაეჯახა. ხოლო რაც შეეხება აივნიდან ჩამოსვლას - მისი ვერსიით, რადგანაც ოფისის კარი დაკეტილი იყო, მოუწია აივნიდან ჩასულიყო ქუჩაზე.

"უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა "ელგებედე" ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ, უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული. მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე რომ ავედი, ინერციით, კადრებშიც ჩანს, დავეჯახე "სტეკლოს" და ხელი გადამეჭრა. შევედით, "კუხნა" იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას. იქიდან რომ ვერ გამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის.

არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტი არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ "ელგებედესი" და ქართული დროშა ავაფრიალეთ. რაც ზარალი მივაყენეთ, ვთვლი, რომ უნდა ავანაზღაუროთ. მე არ ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შეჭრას. თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებთ მაგ იმას, რა ვიცი. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ", - ამბობს Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევაში ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი.

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა