logo
ENG



პრეზიდენტის დეკრეტი არაკონსტიტუციურია - ლელო ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

04 მაი 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტია „ლელო“ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტთან დაკავშირებით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. სარჩელის ავტორები განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მიერ არასწორად მიღებული დეკრეტით სიტუაციის მართვის უფლებამოსილება არა კანონს, არამედ მთლიანად მთავრობას დაეკისრა.

„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის მხრიდან არასწორად მიღებული დეკრეტი, რომელიც მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ამ დოკუმენტის ძალით მთელი უფლებამოსილება მართოს სიტუაცია, მათ შორის შეზღუდოს ადამიანის თავისუფლებები და ფუნდამენტური უფლებები, კანონის ნაცვლად გადაეცა მთავრობას, რაც არ არის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი. ამიტომ „ლელო“ საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო  სასამართლოში უჩივის მოქალაქეების უფლებების არაკონსტიტუციურად შეზღუდვის გამო საგანგებო მდგომარეობის დროს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე რაც შეიძლება სწრაფად იმსჯელოს“, - განაცხადა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა, პარტია „გირჩია“. პარტიის წევრის, ლევან ჯგერენაიას განცხადებით, დავის მიზეზი არაკონსტიტუციური შეზღუდვებია, რის გამოც ასობით ადამიანი დაჯარიმდა.

„ის ჩარჩოები უნდა იყოს განსაზღვრული მთავრობისთვის, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია შეზღუდვა დააწესოს. შესაბამისად, ეს შეზღუდვები არის არაკონსტიტუციური და ამას მიზანი არ აქვს. უკან ჯდომისთვის ადამიანებს არ ვაჯარიმებთ და წინ ჯდომისთვის ვაჯარიმებთ. აქვე დგას კრიმინალური პოლიციის მანქანა წინ სხედან ჩვეულებრივად, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს, შინაარსი არ აქვს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვას. სამი ადამიანის ერთად დგომას ვკრძალავთ მაშინ, როცა ისინი ოჯახში ერთად ცხოვრობენ. არანაირი მიზანია ამას კორონავირუსთან ბრძოლის არ აქვს და ეს არის მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

იურისტების ნაწილი ასევე სადაოდ ხდის პრეზიდენტის დეკრეტის იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის სანქციებს. ეს არის როგორც ფულადი ასევე საპატიმრო სასჯელები. დღეს რამდენიმე იურისტმა დააანონსა, ისინი კონსულტაციებს გადიან კონკრეტულ დაჯარიმებულ ადამიანებთან და უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელები შევა. 


close დახურვა