logo
ENG



ლევან ალაფიშვილი საგანგებო მდგომარეობაზე: გადაწყვეტილება მოქალაქეების დაჯარიმებაზე არაკონსტიტუციურია

04 მაი 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის სასჯელს ადგენს, არაკონსტიტუციურად აფასებს იურიტების ნაწილი.

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება საკანონმდებლო ორგანოს აქვს.

„საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს განუმარტავს უფლებამოსილებების კონკრეტულ ჩამონათვალს და ის საკმაოდ შეზღუდულია. მათ შორის არ არის უფლებამოსილება, რომ დაადგინოს სამართლდარღვევა და პასუხისმგებლობა. კონსტიტუცია ამ საკითხზე გადაწყვეტილების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს საკანონმდებლო ორგანოს. არც ერთ შემთხვევაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც კონსტიტუციამ მას არ მიაკუთვნა.

"აქედან გამომდინარე, 21 მარტიდან მოყოლებული ყველა ის გადაწყვეტილება დაჯარიმებაზე არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. უახლოეს დღეებში შესაძლოა არაერთი სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ისევე როგორც თბილსის საქალაქო სასამართლოში, რადგან პრეზიდენტი არ იყო უფლებამოსილი მიეღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ამავე თემაზე: არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ასახულია  21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის ჯარიმების რაოდენობა.

„შსს-მ, 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის 5,148 ფიზიკური პირი და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა.

ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 15,714,000 მილიონი ლარი შეადგინა“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა