საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ "პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!".
"მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების "სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ საააკშვილს შეიწყალებს, "მასაც და საზოგადოებასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ".
"მე დარწმუნებული ვარ, საზოგადეობას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე, მეც მექნებოდა და მექნება ბუნებრივია ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე იმიტომ, რომ რომ მოხდეს ასეთი რამ თეორიულად, იქნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - თქვა კობახიძემ.