საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს შეეხო და ის შეაფასა, როგორც „სრულიად თავისუფალი“.
„დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა სასამართლო რეფორმის შესახებ და განაცხადა, რომ კრიტიკის გარკვეულ ნაწილს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მოსამართლეების შერჩევის პროცესი დადებითად შეფასდა.
„მოსამართლეების შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პარლამენტმა, ასევე, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, - ზოგი სამართლიანი, ზოგი კი - პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.