საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. როგორც ცნობილია პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო.
პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის საახალწლო მიღებას 16 დეკემბერს გამართავს.
პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი იქნება თუ ოპოზიცია მიპატიჟებას მიიღებს.
"მივიღე დაპატიჟება ამ მიღებაზე. ვფიქრობ, რომ დღეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორია პოლიტიკურმა სპექტრმა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს პოლარიზების რეჟიმისგან, რომელიც ანგრევს ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", - ამბობს სამადაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მიწვევისთვის მზად არიან, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.
"პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთობლივად დაძლიოს თავისი გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ჩვენ მიწვევისთვის მზად ვართ, არა საზეიმოდ არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი", - განაცხადა ბოტკოველმა.
შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას.
იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა".
"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით", - თქვა კობახიძემ.
11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.