logo
ENG



პრემიერი უნდა მობრძანდეს პარლამენტში და გასცეს კითხვებს პასუხი - გიგი წერეთელი

13 მაი 202011:56
3 წუთის საკითხავი
 

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა განახორციელოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დაიბაროს.

როგორც ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, მთავრობა და მისი მეთაური ვალდებულია, უპასუხოს დაგროვილ კითხვებს.

„ნახსენები იყო კოვიდთან ბრძოლის გეგმა ფინანსურ ნაწილში. კარგად გახსოვთ, რა პრეტენზიები და მოსაზრებები ჰქონდა ოპოზიციას - „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა კონკრეტული გეგმა. ისე გავიარეთ ეს პროცესი, რომ ვერ მოვუსმინეთ პრემიერს. ბევრი კითხვაა, როგორ მიმდინარეობს და როდის იწყება ეს პროცესი. ჩვენი კითხვაა, აპირებს თუ არა ბიურო, პარლამენტი ან ხელმძღვანელობა, რომ მოიწვიოს პრემიერი და მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები. თუ ეს არაა გადაწყვეტილი - ეს იქნება ძალიან სწორი, ეს იქნება ჩვენი მოთხოვნაც, რომ მობრძანდეს პრემიერი პარლამენტში და აღვასრულოთ მისი ფუნქცია. პარლამენტმა უნდა მოახერხოს და განახორციელოს საზედამხედველო ფუნქცია - აქ არის მსჯელობაზე საუბარი, რომ სათქმელი ითქვას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის შეკითხვაზე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ პრემიერი უპასუხებს ოპოზიციის ინტერპელაციის წესით მისი დაბარების მოთხოვნას. მისივე თქმით, პარლამენტს ექნება საშუალება, მოუსმინოს მთავრობას.

„მსჯელობას და დისკუსიას მხოლოდ მივესალმებით. გვაქვს კონსლუტაციები მთავრობასთან და მის ხელმძღვანელთან. რა თქმა უნდა, გვექნება საშუალება რომ პრემიერს და მთავრობას მოვუსმინოთ ღონისძიებებზე და გეგმებზე. რაც შეეხება მოწვევას - ოპოზიციას აქვს გაგზავნილი ინტერპელაციის მოთხოვნა და ამაზე პრემიერი გიპასუხებთ", - განმარტა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს - როგორც მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, პრემიერმა მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს უნდა უპასუხოს.


close დახურვა