პროკურატურის განცხადებით, ბრალი წარედგინა ადამიანს, რომელმაც თანატოლისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ორი მოზარდი დააჩოქა და ბოდიში ამ ფორმით მოახდევინა.
უწყება ვ.კ-ს არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.
აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.
ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.
პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.