logo
ENG



პროკურატურა: სამმა ნიგერიელმა საქართველოდან აშშ-ის მოქალაქეს მოტყუებით $233 250 გამოსძალა

17 აგვ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დააკავეს ნიგერიის სამი მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან ამერიკის მოქალაქე დ.კ-ს მოტყუებით ფულს სძალავდნენ. 

"ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან", - აცხადებს პროკურატურა. 

უწყების ცნობით, ბრალდებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მას ეკონტაქტებოდა ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ჰქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.

ნდობის მოპოვების შემდეგ, ბრალდებული ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი ავარიაში მოჰყვა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა. თანხა კი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან აუნაზღაურდებოდა

პროკურატურის ცნობით, დაზარალებულმა დ.კ-მა რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად,  გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ,  ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ.

"დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - აცხადებს პროკურატურა. 

აღნიშნულ პირებს ბრალი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ", - აცხადებენ პროკურატურაში. 


close დახურვა