კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ ახალი ბრალდებით დააზუსტეს "მათი ქმედების მოტივაცია". ამაზე მან რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ბრალდებულებისთვის ბრალის დასაზუსტებლად შევიდა. მან კომენტარი ადგილზე, აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე გააკეთა - საყვირებით ეძახდნენ: "მონა", "მონა".
"ახალი ბრალდებით დაზუსტებულია ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია, კერძოდ, ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ დავალებისამებრ. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება განისაზღვრა ახალი გარემოებით.
ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს.
მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ აძლევდა დავალებებს ბრალდებულებს და თქვა, რომ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ.