პუტინის პირადი პოლიტპატიმარი თბილისშია. უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ვიზიტი უკრაინაში რუსული აგრესიის 6 წლისთავს ემთხვევა. შეხვედრებისა და დისკუსიების მთავარი თემაც ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკა და ანექსიის მიუღებლობაა. საქართველომ და უკრაინამ დეოკუპაციისთვის ერთიანი ძალისხმევით უნდა იმოქმედონ, ამბობს კინორეჟისორი, რომელმაც პუტინის რუსეთის ჭეშმარიტი სახე 2015 წელს პირადად ნახა, მას იმ დროს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უკრაინელი რეჟისორი და ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს საკუთარი გამოცდილებით ყვებოდნენ, როგორი მძიმე და დაუშვებელია ოკუპაცია.
უკრაინელმა სამოქალაქო გმირმა ოლეგ სენცოვმა დღეს საკუთარი 5 წლიანი უკანონო პატიმრობა გაიხსენა. პუტინის პირადმა პატიმარმა რუსეთის ციხეში გატარებული მძიმე დღეებზე, 145 დღიან შიმშილობაზე ყვება და ამბობს, რომ რუსეთი უკრაინისთვისაც ოკუპანტია.
უკრაინის და საქართველოს საერთო პრობლემაზე ისაუბრა უკრაინელმა რეჟისორმა მწერალმა და აქტივისტმა ოლეგ სენცოვმა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეექვსე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზეც, სადაც ის მთავარი საპატიო სტუმარი იყო.
საზოგადოებამ სენცოვი 2014 წლის ევრომაიდანის აქციების დროს გაიცნო, როცა ახლგაზრდა რეჟისორი ყირიმში მყოფ უკრაინელ მეომრებს რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის დროს ეხმარებოდა.
2015 წელს უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს რუსულმა მხარემ ტერორიზმის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის პროტესტის ნიშნად 145 დღე შიმშილობდა. ოლეგ სენცოვი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების ისტორიული გაცვლის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნდა.