ცენტრალურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელისუფლებას მოუწოდებს, მარნეულში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები.
ჟვანია ამბობს, რომ მარნეულში განვითარებული მოვლენები მიუღებელია და მოუწოდებს მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.
"მივმართავ მხარეებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.
დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას", - წერს ჟვანიას Facebook-ზე.
მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.