logo
ENG



შსს: მყისიერად დავიწყეთ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე

29 სექ 202023:31
3 წუთის საკითხავი
clock 1407
3in165samh2aowi.jpg

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა გოგნიაშვილმა.

მისი თქმით, ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და დაკითხვის შემდეგ, უწყება დამატებით ინფორმაციას გაავრცელეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა