საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი „Facebook“-ზე საჯარო წერილს ავრცელებს, სადაც მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავს.
28 აპრილს გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილს წერილი მისწერა, რომლის მიხედვითაც, მალხაზ რეხვიაშვილი ვალდებულია უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში „მის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“.
მაუწყებლის დირექტორს მალხაზ რეხვიაშვილმა სოციალურ ქსელში წერილით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საჯარო წერილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გიორგი კოხრეიძეს.
ბატონო გიორგი, მივიღე თქვენი წერილი და თქვენ მიერ წამოყენებულ სამართლებრივ პრეტენზიებზე მინდა გაცნობოთ შემდეგი:
1. ვინაიდან ადმინისტრაციული მოკვლევა თეონა თურმანიძის საქმეზე ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, არ არის ცნობილი თქვენი მხრიდან რა სამართლებრივი საფუძველი იყო გამოყენებული ამ ადმინისტრაციულ დევნაში, ჩემი სტატუსის დროს მოხსენიებული ვარაუდი, თუ რითი იხელმძღვანელეთ, ვერ ჩაითვლება ტყუილად. მე, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარემ, დავაფიქსირე პოზიცია თანამშრომელზე, რომლის უფლებებსაც, ჩემი აზრით, თქვენ ლახავთ. მოგეხსენებათ, წინა სამ შემთხვევაზე, როცა იმავეს ვამბობდით პროფკავშირი და თქვენ არ იჯერებდით, უკვე ჩაგბარდათ სახალხო დამცველის დასკვნა. ომბუდსმენი იზიარებს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც ჩვენ წარმოვადგენდით.
2. რატომ ვივარაუდე ისე, როგორც ვივარაუდე - თეონა თურმანიძის ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც თქვენ მოვკლევა დაიწყეთ, არ გამოდგება იმ ქმედების დასასჯელად, რომლის გამოც მოკვლევა დაიწყეთ. ვგულისხმობ - ხსენებულ მუხლში საუბარია სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე და საჯარო წესრიგის წინააღმდეგ ქმედებაზე, რომელიც მიმართულია დამსაქმებლის თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისკენ. მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა არ წარმოადგენს ამ მუხლით აკრძალულ საგანს. ვინაიდან მუხლი კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს (გამოხატვის), საჭიროა სასამართლომ დაადგინოს დაირღვა თუ არა ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, საჯარო წესრიგი ან სამართალი. ამგვარად, პოსტის წერისას ვიხელმძღვანელე იმით, რომ ეს მუხლი ფიზიკურად ვერ იქნება გამოყენებული ამ შემთხვევაზე, ვინაიდან ის სასამართლომ უნდა განიხილოს. ერთადერთი ლოგიკური ახსნა თქვენი გადაწყვეტილებისა იყო უკუგების ძალით გამოგეყენებინათ სოციალურ ქსელში მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის რეგულირების შესახებ მიღებული ახალი წესი.
3. ის რომ ხელშეკრულებაში რაღაც წერია, არ ნიშნავს, რომ სწორია. თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია შიშველ ზურგზე, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ამ დათქმით - ზნეობის, სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ - წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს და არამცდაარამც შიდა დისციპლინური მოკვლევით გადაწყვეტად საკითხს.
4. თუ კარგად დააკვირდებით, კრიტიკული ჟურნალისტების დევნა მაუწყებელში და მათი უფლებების დარღვევა სახალხო დამცველმა უკვე დაადგინა. კრიტიკული ჟურნალისტების მხარდაჭერის გამო თქვენ აითვალწუნეთ სოფო ჟღენტი და შეუმცირეთ უფლებები. ამ ფაქტზე პოსტის გამო შეავიწროვეთ თეონა თურმანიძე, ხოლო თეონა თურმანიძის მხარდამჭერი პოსტის გამო მოკვლევა დაიწყეთ ჩემზე. ვინ იქნება შემდეგი არ ვიცი - სამართლებრივი ასპექტები შეიძლება მოქალაქეებისთვის რთული ასახსნელია, თუმცა ამ მარტივ ჯაჭვს ყველა დაინახავს. რახან ასე მოგწონთ ჩემი სტატუსების ციტირება, ვპერიფრაზირებ: თავისუფალი მედიის კონტროლი არავის შერჩენია ამ ქვეყანაში, არც თქვენ შეგრჩებათ.
5. ზუსტად იგივე მიდგომები არის გამოსაყენებელი ჩემს შემთხვევაზეც. თქვენ ალბათ გულისხმობდით არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის ხელშეკრულებას, რომელშიც ნამდვილად არის ჩანაწერი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამგვარი ჩანაწერის ამოქმედება არ წარმოადგენს თქვენს კომპეტენციას. შესაბამისად, მინდა ოფიციალურად გაცნობოთ, რომ არ ვიზიარებ თქვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს და არ ვაპირებ უარვყო ის, რაც ვთქვი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ფუნქციაა, დავიცვა წევრთა უფლებები. სოციალურ ქსელში ამგვარი აქტივობის შეზღუდვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლას და ისჯება საქართველს სსკ-ს 166 მუხლის შესაბამისად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ-ს 142 მუხლის შესაბამისად, ხოლო დევნა სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ 156 მუხლის შესაბამისად. თქვენი საქმიანობის მთავარ მიზანს უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ჩვენი პროფკავშირის წევრების დევნა, შევიწროვება და დისკრიმინაცია. გთხოვთ, შეწყვიტოთ იმგვარი ქმედებები, რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს.
6. ამას გარდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჟურნალისტები, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი ან შეფასება საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე. ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით გვაქვს მონიჭებული. ჩემი მხრიდან გამოთქმული აზრი სრულად ექცევა კანონის ფარგლებში და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. გარდა ამისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს სასამართლო ადგენს და თქვენ, როგორც მაუწყებლის დირექტორს არ გაგაჩნიათ მისი ფუნქციების შეთავსების უფლებამოსილება.
7. გარდა ამისა, განგიმარტავთ, რომ ჩემს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შებოჭილი ხართ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით, რომელიც კრძალავს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც ამ მუხლში არ არის მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუხლი არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო.
მარად თქვენი
მალხაზ რეხვიაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე“, - წერს ჟურნალისტი.