logo
ENG



რამიშვილი: კომპლექსურ ექსპერტიზაზე შუამდგომლობა შსს-ს განცხადებების ყუთიდან არცკი ამოუღიათ

02 აგვ 202012:22
3 წუთის საკითხავი
clock 492

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი შუამდგომლობა კომპლექსური ექსპერტიზის თაობაზე უკვე სამი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებების ყუთშია.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, შუამდგომლობა მან სამი დღის წინ უწყებაში მიიტანა.

მიხეილ რამიშვილის აზრით, გამოძიება კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას სპეციალურად აჭიანურებს.

უწყებაში დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის დედასთან ერთად იმყოფებოდა.

ოჯახს გამოძიებასთან კითხვები „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაუჩნდა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

„მე მოვიტანე შუამდგომლობა, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები კომპლექსური კომისიური ექპერტიზის დანიშვნის თაობაზე. მე დავდე და ვუთხარი, რომ ამ შუამდგომლობაზე დაუყოვნებლივ მიეღოთ გადაწყვეტილება. მათ მითხრეს, რომ რახან საღამო ხანი იყო, კანცელარიაში ვერ გატარდებოდა, ეს შუამდგომლობა უნდა ჩამომეტანა და ჩამეგდო შესაბამის ყუთში, იმ ღამესვე ჩამოვიტანე და ჩავაგდე, რადგანაც პირობა იყო, რომ ძალიან ჩქარა უნდა მომხდარიყო ამაზე რეაგირება და ამოიღებდნენ, რეგისტრაციაში გაატარებდნენ კანცელარიაში და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღესაც ამ ყუთში დევს ჩემი შუამდგომლობა“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილი გამოძიებას ასევე მოუწოდებს, რომ დროულად მიაწოდონ მას სატელეფონო ანძების ჩანაწერი, რათა გაიგონ, ვინ დაურეკა გაუჩინარებამდე თამარ ბაჩალიაშვილს Whatsapp-ზე.

„შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „whatsapp“-ის საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ასევე „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა