logo
ENG



რა აზრი აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე!

18 მარ 202021:09
3 წუთის საკითხავი
clock 1043
q5xbrade6bkkkqf.jpg

ლექსო ნაბახტეველის ბლოგი

რა აზრი აქვს ვინ იქნება?, - კითხვა რიტორიკულია, პასუხსაც მოიცავს და შინაარსსაც, მაგრამ ზუსტად ესადაგება საკითხს, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა ნინო ქადაგიძე აირჩია. რას ამბობს მისი სახელი და გვარი? - არაფერს. დავგუგლავ, გადმოვიტან ფურცელზე, მაგრამ სტანდარტული ინფორმაციის მეტს - რა დაამთავრა, სად ისწავლა, რა გახმაურებული საქმეები განუხილავს, ვერაფერს მოგცემთ. ეს თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ და გარკვეული შთაბეჭდილება შეიქმნათ, მე იმაზე გესაუბრებით - რატომ არ აქვს აზრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ქადაგიძე იჯდება, მიქაუტაძე, თადუმაძე, თუ თავად ბიძინა ივანიშვილი.

მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ქვეყანა და მისი ინსტიტუციები მნიშვნელოვანია, სასამართლო ნორმალური ფუნქციონირებისთვის შემდეგ 5 კრიტერიუმს (10, 20, 100 და მილიონიც იგივე იქნება) უნდა აკმაყოფილებდეს:

1. სანდოობა;

2. სანდოობა;

3. სანდოობა;

4. სანდოობა;

5. სანდოობა;

როგორც ფეხბურთშია - თუ  გოლი არ გაიტანე, რაც არ უნდა, მაგარი გუნდი გყავდეს, "მაინც ბანძია"... ასევეა ყველგან, თუ წარმატების მიღწევა გინდა, მთავარს უნდა მისწვდე - სასამართლოს შემთხვევაში გოლი ნდობაა, თუ არ სჯერა ხალხს შენი გადაწყვეტილებების, ე.ი. გოლიც ვერ გაგაქვს. დანარჩენი კრიტერიუმები - პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პრაქტიკა, უცხო ქვეყნის მართლმსაჯულების ცოდნა - არაფერია თუ ნდობა არ გაქვს. ეს ნდობა კი სასამართლოს ამ შემადგენლობამ ვერ მოიპოვა.

ნინო ქადაგიძე - რა ვიცით მის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სკამი ვარგუნეთ? რით დაიმსახურა, რა იყო ის მთავარი განმსაზღვრელი, რის გამოც ჯერ ავირჩიეთ უვადოდ, შემდეგ კი დავაწინაურეთ კიდეც?! ვიცით მთავარი - ორივე ხელისუფლების სასამართლო სისტემაში უკავია ხელმძღვანელი თანამდებობები ინსტიტუციაში. როცა აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლების ერთგულებას ითხოვს და ამ ერთგულებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ხარ, ე.ი. კეთილსინდისიერებასა და დამოუკიდებლობაში პრობლემები ცალსახაა. ნინო ქადაგიძე დიდი ხნის მოსამართლეა, პრაქტიკა და გამოცდილება აქვს, თუმცა სანდოობას კარგავს. მოსამართლემ, რომელიც 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და რომელმაც თავისი წილი დიდი აგური დადო სააკაშვილის სასამართლო სისტემის შექმნაში, დღეს ამბობს, რომ იბრძვის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის... როგორ დავიჯერო მისი სიტყვები - „ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა იქნება“. აქამდე არ ჰქონდა ამის სურვილი, გაილაშქრა ვინმეს წინააღმდეგ, თქვა, რომ უზენაესი სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა რომელიმე ხელისუფლების პირობებში? - არა, შესაბამისად ამ ნაწილში მისი არ მჯერა.

 

ნინო ქადაგიძემ საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, რომ კლანი არ არსებობს: მთავარი მიზეზი, რის გამოც ქადაგიძე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, სწორედ კლანია. კლანმა ჯერ ჩინჩალაძის კანდიდატურა (სწორედ ჩინჩალაძის პერიოდში მუშაობდა ქადაგიძე სააპელაციოში) გადაუგზავნა პარლამენტს, შემდეგ უკან გამოიწვია თითქოსდა ხალხი დაიჯერებდა შემდგომი სიის კანდიდატები ჩინჩალაძესთან არანაირ კავშირში არ არიანო. ერთი საინტერესო მომენტი კი გამოჩნდა: სასამართლო ხელისუფლებამ თითქოს გაილაშქრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და თავმჯდომარის პოსტზე არა აღმასრულებელი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველის კანდიდატი, არამედ თავისი კანდიდატი გაიყვანა. სწორედ კლანის დამსახურებაა ისიც, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ ივანიშვილის პირადი უდიპლომო ადვოკატები, პროკურატურის წარმომადგენლები, ხელისუფლების მსახურები.

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, რომელთა წარსული გამოცდილება, სანდოობა, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნებს არ დატოვებს. საერთოდ არ ვარ დაზღვეული, რომ როცა ერთ ხელისუფლებას არ უპირისპირდები, როდესაც შენს საქმიანობაში უხეშად ერევა, მეორეს დაუპირისპირდები... საერთოდ არ მანაღვლებს რამდენი წელი აქვს ნამუშევარი ამა თუ იმ მოსამართლეს სისტემაში, რაც უფრო ცოტა, მით უკეთესი... მან ნაკლებად იცის რა არის სხვისი მსახურება და იქნება პრინციპულობაც კი გამოიჩინოს.

 


close დახურვა