23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ძალას კარგავს მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათი. შესაბამისად, მოქალაქეებს დღეს ღამის 00:00 საათის შემდეგ, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილების უფლება ისევ ექნებათ. კომენდანტის საათი მხოლოდ 3 საათს გაგრძელდება. ბოლოჯერ ის დღეს, 21:00 საათზე ამოქმედდება.
მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა, ქვეყანაში კვლავ გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. მაგალითად, ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა.
ამასთან, კვლავ დახურული რჩება ფიტნეს დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და რაც შეეხება რესტორნებს, მათ ადგილზე მომსახურეობის გაწევის უფლება კვლავ არ აქვთ. ამ ეტაპზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება იგეგმება.
გარდა ამისა, საკარანტინო რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2 სოფლის გარდა - გეტა და მუშევანი.
"ჩვენ დღეს ფაქტიურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. შეზღუდვა 3 კაცზე ავტომობილით გადაადგილების დროს, რჩება მხოლოდ ტაქსებისთვის. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. დარჩება მხოლოდ 2 სოფელში - მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. რესტორნები ადგილზე მომსახურეობით ჯერ ვერ იმუშავებენ. სავაჭრო ცენტრები, მოლებს ვგულისხმობ, დახურული რჩება. ფიტნეს დარბაზები დახურული რჩება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში, გარეთ არ გავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მააისის 00:00 საათამდე იმოქმედებეს.
რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას, კორონავირუსით ინფიცირების სულ 723 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 495 ადამიანი უკვე განიკურნა, ხოლო 12 გარდაიცვალა. 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.