logo
ENG



რა ხდებოდა შაქარაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - პროკურატურა კადრებს ავრცელებს

27 ივნ 202020:50
3 წუთის საკითხავი
clock 38966

საქართველოს გენერალური პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებულ ვიდეომასალას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფიგურანტები, ასევე, თავად შაქარაშვილი. ვიდეოში ასახულია რამდენიმე ინციდენტი, რომელიც, სავარაუდოდ,  ფეხბურთელის გარდაცვალებას უკავშირდება.

პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია კონფლიქტის დეტალები. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი."

პროკურატურა ვიდეომასალაზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ახალგაზრდები, შურისძიების მიზნით, უფროს მეგობრებს დაუკავშირდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი რკინის ხელკეტით იყო შეიარაღებული. საფრთხის უწყებისავე ინფორმაციით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად გაიქცა და თავი ბუჩქებს შეაფარა, სადაც ერთ-ერთი მათგანი იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თბილისიდან ჩასულებმა. 

ბრალდებულებმა "დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათი ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროკურატურა ყველა მათგანისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს

 


close დახურვა