logo
ENG



როგორ აღნიშნეს აღდგომის დღესასწაული მსოფლიოს მართლმადიდებლურ ტაძრებში

19 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

აღდგომის დღესასწაული მსოფლიოს მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურებით აღნიშნეს, თუმცა ლიტურგიებს მრევლი არ დასწრებია.

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, ღვთისმსახურებაში, რომელსაც პატრიარქი თეოფილე მესამე უძღვებოდა, მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. იერუსალიმის მსგავსად, სადღესასწაულო ლიტურგიას არ დასწრებია მრევლი სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც. ღვთისმსახურებას, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ჩაატარა, მორწმუნეები თვალს ტელევიზიით და ინტერნეტით ადევნებდნენ.

სააღდგომო ლიტურგიებში მონაწილეობა არ მიუღიათ არც უკრაინელ მორწმუნეებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ჯერ კიდევ გასულ კვირას მოუწოდა მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში არ მისულიყვნენ. კიევ-პეჩორის მონასტერთან ახლოს მდებარე აღდგომის ტაძარში მორწმუნეები მხოლოდ წმინდა ცეცხლის მისაღებად მივიდნენ. პოლიციელები ეკლესიაში მათ სათითაოდ უშვებდა.

ცარიელ ტაძარში ჩატარდა სააღდგომო ლიტურგია მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, სადაც ღვთისმსახურებას ყოველ წელს ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. წელს ეკლესიაში არც მორწმუნეები და არც ოფიციალური პირები არ იმყოფებოდნენ. მათ აღდგომის დღეებში სახლებში დარჩენისკენ პირადად რუსეთის პატრიარქმა მოუწოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე აღნიშნეს  დღესასწაული საბერძნეთშიც. ათენის საკათედრო ტაძარში გამართულ ლიტურგიაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მოსახლეობა კი აღდგომის დღესასწაულს საკუთარი სახლის აივნებზე ზეიმობდა. შეზღუდვების გამო  ეკლესიებში არ გაუვრცელებიათ იერუსალიმიდან ჩატანილი წმინდა ცეცხლიც. ის მხოლოდ საპატრიარქოში მიიტანეს.

სახლიდან ადევნებდნენ თვალს მორწმუნეები სააღდგომო ღვითისმსახურებას სერბეთშიც. ხელისუფლებამ  5 დღით  კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომ მრევლი ეკლესიაში არ მისულიყო.

მრევლის გარეშე ჩაიარა საზეიმო ლიტურგიებმა რუმინეთის ეკლესიებშიც. ერთ-ერთ სოფელში წმინდა ცეცხლი სასულიერო პირებმა მოსახლეობას თავად ჩაუტანეს.  

მოწოდებების მიუხედავად, ბულგარეთის საპატრიარქომ ეკლესიების დახურვაზე უარი განაცხადა, მაგრამ  მრევლს მოუწოდეს აღდგომის ღამეს ეკლესიის ნაცვლად სახლებში ელოცათ. 


close დახურვა