გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის ვერსია გააცნო.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში და ვინ დაესხა თავს გიორგი შაქარაშვილს.
„როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.
გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება-დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.
„ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.
გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.