გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
საუბარია „ტოიტა ქემრის“ მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, ა.ქ-ს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს. გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.
პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.