„მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პროცესი დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების შუამდგომლობები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დაცვის მხარე საქმისთვის ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვდა. საუბარია სახალხო დამცველის მიერ მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტზე რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა 3 იანვარს იცოდნენ, რომ სასჯელაღსრულებაში გიორგი რურუას ადვოკატი იმყოფებოდა, მაგრამ ის საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს.
როგორც „ფორმულასთან“ საუბარში რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმ შემთხვევაში დაიკითხებიან, თუ პროკურატურა სადავოს გახდის მათ მიერ საქმის მასალებში ჩადებული განცხადების ავთენტურობას.
დაიკითხება „საერთაშიროსო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელიც.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი დაიკითხება, რადგან მან სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, სადაც საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, საქმეში ბევრი დარღვევა იკვეთება. ვარდისფერ ფერებში არ ვუყურებ ცხოვრებას - ეს არ ნიშნავს, რომ გიროგი რურუა გამართლდება. სასამართლოს არ აინტერესებს, რას ფიქრობს სახალხო დამცველი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. სასამართლო პოლიტიკური დავალების შესრულებას ეცდება ყველა ვარიანტში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
რურუას საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა ორშაბათს 6 ივლისს 11 საათზე გაიმართება.
2020 წლის 15 იანვარს რურუას საკანში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა დაკავებულის დნმ-ის ნიმუში აიღეს. ამ ჯერზე საკანში ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.