logo
ENG



რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა
16 ნოე 202221:00
2544

მას შემდეგ, რაც ბოლო 9 თვეში საქართველოს რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების რამდენიმე ტალღამ გადაუარა, საქართველოს პრემიერმინისტრი "რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით" იწონებს თავს - მეტიც, ამბობს, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ "იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას გამოწვევა აქვს".

ახლა მთავრობა ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,5% იქნება, პროგნოზირებენ ორნიშნა ზრდასაც, თუმცა არ საუბრობენ, რა უარყოფითი გავლენა აქვს ამას ინფლაციაზე და არ ახსენებენ გამოწვევებს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე დამოკიდებულება მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას მოუტანს. 

***

რა სამომავლო გეგმებითაც არ უნდა ჩამოდიოდნენ რუსეთის მოქალაქეები, ფაქტია, რომ გამორბიან ქვეყნიდან, რომელიც ამ ეტაპზე, მათ მოთხოვნილებებთან თანხვედრაში არ მოდის და შესაბამისად, გარკვეული დროის ინტერვალში საქართველოში ცხოვრებას განიხილავენ.

მასობრივი შემოდინებები, შესაძლოა, ორ ტალღად დავყოთ - პირველი 24 თებერვლის, ხოლო მომდევნო მობილიზაციის შემდეგ. ეს, თავის მხრივ, ქმნის ზოგად წარმოდგენას, რა ეტაპზე რუსი მიგრანტების როგორი ტალღა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რაც ზრდის საქართველოს მოქალაქეების შფოთვებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებითაც. შიშები განსაკუთრებით გაიზარდა 21 სექტემბრის შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ლარსის გამშვებ პუნქტთან კილომეტრიანი რიგები დადგა.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადმოსვლას მასობრივად ცდილობდნენ - მანქანებით, ველოსიპედებით, ფეხით საათების განმავლობაში ელოდებოდნენ ქვეყანაში შემოსვლის დასტურს და აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, წარმატებითაც. ხელისუფლებას არ უფიქრია, ან თუ უფიქრია, არ განუხორციელებია, კონკრეტული მექანიზმებით ამის კონტროლი ან შეზღუდვა, რადგან მათი შეფასებით, ამის საჭიროება არც იდგა. 

"დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ", - თქვა ფინანსთა მინისტრმა სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებაზე საუბრისას და აქვე აღნიშნა, რომ თუ დადგებოდა ის მომენტი, როცა ქვეყანაში არსებული კონტროლს მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების მიმართულებით საჭირო სტანდარტებს, ამაზე, "შეიძლება იყოს საუბარი".

ამას პრობლემად არ აღიქვამდა არც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელსაც ვერ გაეგო რატომ უნდა გამხდარიყო მათი შემოსვლა დღეს "პრობლემატური", როცა "ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები, მოდიოდნენ, წლებია მოდიოდნენ, წლებია დადიან საქართველოში".

"მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის და ახლა დავკეტოთ [საზღვარი] დღეს? შემოდიოდნენ და შემოვლენ", - თქვა მან.

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ზრდაზე მარტში ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმაც და აღნიშნა, რომ "დრამატიზება, თითქოს ეს იყოს რაღაცა დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ", მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგს ამხელდა.

"ხომ გავიდა რამდენიმე კვირა, რაც ეს ტალღა აიწია, რამე დრამატული მოხდა? რამეს ვხედავთ განსაკუთრებულს? არა, რა თქმა უნდა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდი, ამავე დროს ძალიან მტკიცე პოლიტიკის შედეგებს", - თქვა პაპუაშვილმა.

სტატისტიკა 

ამ პერიოდში გაიზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათ ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია.

ამასთან, იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12.6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 10.4%-ს 2019 წელს აღწევდა. ეს TI-ის განცხადებით, ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

თუ მიგრანტების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითაც აისახა, მას თანმდევი უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა - ბოლო თვეების განმავლობაში მოქალაქეები წუხილს გამოთქვამდნენ ბინების ქირის გაძვირების გამო, რამაც თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აგვისტოს თვეში წინა წელთან შედარებით 8% შეადგინა. მათივე ინფორმაციით, აგვისტოში თბილისში ბინის ქირის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე $8.9 შეადგინა.

პარალელურად, გაიზარდა გასაყიდი უძრავი ქონების ფასიც. თიბისი კაპიტალის თანახმად, აგვისტოში გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე წლიურად 26%-ით, $999-მდე გაიზარდა - ივლისთან შედარებით კი, აგვისტოს თვეში ზრდა 9% იყო.

შეფასებები

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე მიგრანტების დადებითი ეფექტი, შესაძლოა, ერთჯერადი იყოს - როგორც ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტებთან დაკავშირებულ შემოდინებებს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. თუმცა ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, რეგიონში გაურკვევლობა კვლავ საკმაოდ მაღალია და აღნიშნული ეფექტი შესაძლოა დროებითი იყოს.

"ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში. საქართველოში ჩვენ ვხედავთ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. თუმცა ჩვენს რეგიონში გაურკვევლობა ძალიან მაღალია. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, არის თუ არა ეს ერთჯერადი ეფექტი, ამის თქმა ძალიან რთულია", - თქვა მან.

ეკონომისტი რატი წიკლაური ფორმულასთან საუბრისას ორ გარემოებას გამოყოფს - ეკონომიკურს და პოლიტიკურს. მისი თქმით, ის, რაც შეიძლება, პოზიტიური ან ნეგატიური იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით, საერთოდ არ იქნება მსგავსი პოლიტიკური ან ეროვნული უსაფრთხოების მხრივ. ეკონომიკურ ჭრილში ის ფულადი ნაკადების შემოდინების ზრდას მიუთითებს.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერ ეკონომიკას, ნებისმიერი ეროვნების, თუ პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის შემოსვლა, ფულით შემოსვლა, წაადგება პოზიტიურად, რა გაგებით - ადამიანები მოდიან, მოაქვთ მათ თან ფული იმისთვის, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში გაჩერდნენ საქართველოში, რათა თავი აარიდონ, თუნდაც, სავალდებულო მობილიზაციას, ან პრობლემებს, რომელიც პუტინმა დაატეხა თავის მოსახლეობას. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ქვეყანაში კაპიტალი და მოაქვთ ქვეყანაში მსყიდველობითი უნარი", - აღნიშნა მან.

წიკლაურის თქმით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები ზრდიან მოთხოვნას ლარზე, რაც ამყარებს ეროვნულ ვალუტას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ლარის სიმყარე ძალიან დამოკიდებულია ცხოვრების დონეზე. ამას გარდა, ის აღნიშნავს, რომ პოზიტიური იქნება ის ფაქტორიც, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკის ზრდის ტემპში აქვთ დიდი წვლილი.

"ამ ადამიანებს, ეს ბელარუსები იქნებიან, რუსები თუ მონათესავე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც შემდეგ შემოაქვთ ქვეყანაში მსყიდველობითი უნარი და ზრდიან მოთხოვნას არა მხოლოდ ლარზე, არამედ პროდუქტებზე - ზრდიან მოთხოვნას ჰორეკა სექტორზე, ანუ სასტუმროებზე, კვებაზე, ბინებზე. 

საბოლოო ჯამში, იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზეც, ან ქირაობაზე ან ყიდვაზე. ამიტომ ეს ყველა ვარიანტში დადებითად ისახება მთლიან შიდა პროდუქტში. და როცა პრემიერი საუბრობს, რომ "ჩვენი ძალისხმევით ორნიშნა ზრდას ველითო" - დიახ, ეს არ არის მმართველი პარტიის ძალისხმევა, ეს არის არდახურვა კარის მიგრაციისთვის, რომელსაც შემოაქვს შემდეგ ეს კაპიტალი, ზრდიან მოთხოვნას და იზრდება შემდეგ ეკონომიკა", - მიუთითებს ის.

რაც შეეხება პრობლემებს, წიკლაური აღნიშნავს, რომ როცა მსყიდველობით უნარის მქონე მოსახლეობის მიგრაცია ხდება და შესაბამისად, კონკრეტულ მომსახურებაში ის ბევრად მეტს იხდის, ნაკლებ მსყიდველუნარიანი საქართველოს მოქალაქე იჩაგრება. ის მიუთითებს, რომ გაზრდილი ქირის გამო, შესაძლოა, მოქალაქე იძულებული გახდეს, რომ საცხოვრებელი შეიცვალოს.

მისი თქმით, მიგრაციის პოზიტიური თვისებები გამოჩნდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის სამსახური წლის ბოლოს გამოაქვეყნებს, თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ ასეთი მაჩვენებლები არასდროს არ გაჩვენებს განაწილებას - წიკლაური აღნიშნავს, რომ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ არის კარგად და ვინ არის ცუდად.

"ვსაუბრობთ იმაზე, საბოლოო შედეგი როგორია. დიახ, საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელსაც 1350-დან 1500 ლარამდე აქვს შუალედში ნომინალური ხელფასი თვიდან თვემდე, ვერანაირად ვერ იქნება უკეთესად იმის გამო, რომ მსყიდველობით უნარიანი რუსები უფრო მეტს იხდიან ქირაში, უფრო მეტს იხდიან ბათუმში კურორტებზე, უფრო მეტს ყიდულობენ, უფრო მეტს ჭამენ და ასე შემდეგ", - თქვა მან.

წიკლაური საუბრობს იმაზეც, რომ ჩვენი ეკონომიკა "გადახურებულია", რისი ნიშანიცაა სწორედ ორნიშნა ინფლაციასთან ერთად ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა:

"ერთი მხრივ ხედავ, რომ კარგად უნდა ვიყოთ, რადგან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვუახლოვდებით, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საშუალო სტატისტიკურ ქართველს მაღაზიაში შესვლა ეზიზღება. საიდან არის ეს გამოწვეული? იმიტომ, რომ უდიდესი მასა არის დაბალ მყიდველობით უნარიანი, არსებობს ნაწილი, რომელიც მაღალ მყიდველობითი უნარიანია და ბიზნესი ერგება მათ. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს და ამორალურადაც, შეუძლებელია, რომ ბიზნესი გაამტყუნო, როდესაც პროდუქტს აწვდის იმას, ვინც უფრო მეტს იხდის".

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძეც აღნიშნავს, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი დანაზოგებით მოდიან, ზოგადად, "ქვეყანა ხეირობს", თუმცა ამის უარყოფითი მხარეს ის არის, რომ იწვევს ინფლაციას, განსაკუთრებული პრობლემა დგება ბინათმშენებლობის ნაწილში და ქირის ნაწილში.

"ჩვენთვის ცხოვრება გაძვირდა, მოხდა ისეთი ფულიანი ხალხის ჩამოსვლა, ვისთანაც ჩვენ დიდი შემხებლობა და კომუნიკაცია არ გვაქვს, პროდუქცია გაძვირდა და მსგავსი ტიპის სეგრეგაცია მოხდა - როცა შენს ქვეყანაში შენ ხარ დაბალ მსყიდველობითი უნარის მქონე მოსახლეობა და მთელი ბაზარი უკვე ერგება იმ ტურისტს, ვინც შემოდის. შესაბამისად, სანამ ეს ფული არ დატრიალდება, ქართველები არ დავიწყებთ, მათ შორის ფულის კეთებას, ეს პრობლემა დაგვიდგება, რომ ფასები გაძვირდება".

მისი თქმით, მეორე პრობლემა ის არის, როცა შენი შემოსავლის წყარო უცხოური გზავნილებია, შენი ქვეყნიდან წასული ადამიანების და მეორე მხრივ, რუსეთიდან ჩამოსულებიც, თავად კი მდგრად ეკონომიკას არ ქმნი:

"ომის გამო შემოდის აქ ინვესტიცია და არა იმის გამო, რომ ვთქვათ ჩვენთან ვითარდება გარკვეული სფეროები, რომლის გამოც ვხვდებით მიზიდულობის წყაროები. სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ... ხელისუფლება იქნება თუ მთავრობა,  დროში გადაწევს ან არ გააკეთებს იმ რეფორმებს, რომლებიც ვთქვათ, ეკონომიკის სიჯანსაღისა და მდგრადობისთვის იქნება მნიშვნელოვანი".

კობერიძის განცხადებით, როგორც კი ეს ნაკადი შემცირდება, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ღარიბ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლის განვითარებისა და სანდოობის სისტემები დაბალია.

“როცა კონკრეტულად ერთი ქვეყნის ტურისტზე ხარ დამოკიდებული, თან ეს თუ რუსეთია, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებ სანდო ეკონომიკის სუბიექტებთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე, რომლის ალტერნატივაზეც თუ არ ვიფიქრეთ, ნიშნავს, რომ ეკონომიკური დეპრესია უნდა დაგვემართოს, როცა ეს წყარო მოგვესპობა”.

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პოლიტიკურ ფაქტორზე საუბრისას ეკონომისტი რატი წიკლაური უსაფრთხოების საკითხს გამოყოფს -  მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს იმიტომ არის საფრთხე საქართველოსთვის, რომ ეკონომიკური სარგებელი აუცილებლად წარმავალი იქნება:

"ეს ერთჯერადი ეფექტია და ეს კარგად უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს - ის ეფექტი, რომელიც ნაწილობრივაც კი მაინც პოზიტიური იყო ჩვენს ეკონომიკაზე წელს, აღარ იქნება მომავალ წელს, თუ რაღაც გლობალური არ მოხდება. წელს რომ შემოვიდა ეს დიდი მასები მიგრაციის, ეს წლევანდელი ეფექტია და რაც არ უნდა კარგი იყოს, ვთქვათ შევთანხმდეთ, რომ რაღაც დონეზე კარგი იყო, ეს აღარ გაგრძელდება მომავალ წელს. რა გვრჩება 2023-ში? გვრჩება რუსების ძალიან დიდი, ქართული გადმოსახედიდან არამეგობრული, საშიში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები".

მისი თქმით, როცა მოსახლეობის ეს მასა იზრდება, არის საფრთხე, რომ მეტი რუსული გავლენა იყოს საქართველოში - ის აღნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას პუტინს, ამხელა წარმომადგენლობა ჰყავდეს ქვეყანაში, ის სამომავლოდ, შეიძლება, საკუთარი მოსახლეობის დაცვის ინტერესებიდან გამოვიდეს.

"თუ ერთ მხარეს დევს ერთჯერადი ეკონომიკური სარგებელი და მეორე მხარეს დევს ძალიან ბევრი ცნობილი და კიდევ უფრო ბევრი, ალბათ, უცნობი პოტენციური საფრთხე, რომელიც შეიძლება, მოჰქონდეს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, მაშინ შეუძლებელია, რომ ეს სასწორი იყოს გადახრილი ეკონომიკური სარგებელისკენ".

ცოტნე კობერიძეც მიუთითებს, რომ "რუსებთან თანაცხოვრების კულტურა ჩამოვიყალიბეთ", რაც ასევე პრობლემაა ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ის საუბრობს რუსეთის აგენტების შემოსვლის საფრთხეზეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ტიპის მიგრირება ხდება და აქამდე არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოვლენილა.

"მთელი მსოფლიო ამას აანალიზებს და ისინი რუსებს ურთულებენ ცხოვრებას ქვეყნის გარეთ, ჩვენ შემთხვევაში პირიქით ვიქცევით. მინდა, ჩვენი განწყობა ისეთი იყოს, რომ სადაც შემოდიხარ იქაურ ქუდს იხურავ, მთავარი პრობლემა ჩვენ შემთხვევაში ის არის, რომ აქ რუსებს უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე აქაურ მოქალაქეს - მას შეუძლია, მოიქცეს ისე, როგორც მოსკოვში, უბრალოდ მაკდონალდი უმუშავებდეს და კოკა-კოლა იყიდოს მაღაზიაში", - აღნიშნავს ის.

იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდამ სამომავლოდ საფრთხე არ შეუქმნას ჩვენს ეკონომიკას, რატი წიკლაური გამოყოფს სამ საწყისს ფაქტორს, რომლის განხორციელებაც აუცილებელია - შეზღუდვა კაპიტალზე, შეზღუდვა უძრავი ქონების რეგისტრირებასა და ფლობაზე, შეზღუდვა ქვეყანაში გაჩერების ხანგრძლივობაზე: 

"შენ აქ ვერ უნდა გახდე მონოპოლისტი ან მიმსგავსებული მონოპოლისტთან იმიტომ, რომ დიდი კაპიტალით შემოხვედი, ვერ უნდა გქონდეს დიდი წვდომა ქართულ უძრავ ქონებაზე. იმიტომ, რომ უძრავი ქონება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღარიბი ქვეყნისთვის და როდესაც აქ შენ ამას აძლევ ხელს დიდი კაპიტალით შემოსულ რუსებს, დიახ, შენ ერთჯერადი, ფიქსირებული 10%-ისთვის, რომელიც დაიწერება საქსტატის მთავარ გვერდზე, სწირავ ქართულ სტრატეგიულ ინტერესებს".

ცოტნე კობერიძე აღნიშნავს, რომ ამისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებს პერსპექტივის განცდა გაუჩნდეთ და აქ დაიწყონ ფულის კეთება. მისი თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საკუთრების უფლება დაცული და ბიზნესისთვის ეს გარემო უსაფრთხო უნდა იყოს. 

"გარდა ამისა, უცხოური ინვესტიციებია მოსაზიდი. როცა ბუნდოვანია შენი დასავლური პერსპექტივა, აქ შეიძლება, ადამიანი გრძელვადიან ბიზნესს მოერიდოს, შეიძლება, პოლიტიკის გამო ბიზნესი გაჩერდეს. როცა მსგავსი რაღაცები ხდება, ეს არის ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში ფული არ კეთდება, კეთდება მხოლოდ რუსებისთვის.

სხვა მხრივ, თუ ალტერნატიული შემოსავლები გაიზრდება, როგორც უცხოელების, ასევე, ჩვენც ვაწარმოებთ ფულს, უფრო მდგრადი ქვეყანა ვიქნებით და რუსეთზე დამოკიდებული არ ვიქნებით, თორემ ახლა რუსებზე დამოკიდებული არ ვიყოთ, ამიტომ რუსებისგან ფული არ ავიღოთ, ამას ხომ არ ვიზამთ, ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ მეტი ფული ისე, რომ მათი წილი იმხელა არ იყოს, რომ მათი ბაზრიდან გასვლამ გამოიწვიოს ჩვენი ჩამონგრევა", - განაცხადა მან.

close დახურვა