logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ

12 ოქტ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ის ცნობით,  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB აცხადებს, რომ ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარო სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

უწყების ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში უკრაინულ და ბულგარულ კომპანიებს  Translogistic UA LLC-სა და Baltex Capital S.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გაიგზავნა. ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში ჩავიდა, შემდეგ კი სომხეთში.

FSB ასახელებს უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების სახელებსა და გვარებს, ვინც, მათი მტკიცებით, ამ ტვირთის გადატანაში მიიღო მონაწილეობა.

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, FSB-ის ცნობით, ტვირთი ერევანში ტერმინალ "ტრანსალიანსში" ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესების მიხედვით შეამოწმეს და აქვე განბაჟებისას დოკუმენტები შეცვალეს. ტვირთის ახალი გადამზიდად "GU AR GROUP"(სომხეთი, ალავერდი) გაფორმდა მიმღებად კი რუსული კომპანია "ლიდერი".

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამ ტვირთის გადამტანმა სატვირთო მანქანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ლარსის გამშვები პუნქტიდან გადაკვეთა 2 დღის შემდეგ კი სომხეთში ჩავიდა, სადაც არმავირის საბითუმო საცავში სატვირთო მანქანა გადმოტვირთეს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეების დახმარებით ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეცვალა და ამ მომენტიდან ტვირთის გამგზავნ კომპანიად TEK-34 იყო მითითებული, ხოლო ყირიმში მიმღებად კი ის კომპანია რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

FSB აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ტვირთი მანქანაში რუსეთის მოქალაქემ იუსუბოვ მაჰირმა ჩატვირთა და ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლისკენ 8 ოქტომბერს გაემართა, აფეთქება კი ყირიმის ხიდის გადაკვეთისას მოხდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს აკონტრლებდა უკრაინის თავდაცვის უწყება და მისი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის თანამშრომელი, ვინც სქემაში მონაწილეებს თავი ივან ივანოვიჩად გააცნო, ქმედებების კოორდინაციისთვის კი ის იყენებდა სხვა მოქალაქის სახელზე რეგისტრირებულ ტელეფონს იყენებდა.

„8 ოქტომბერს დილით ადრე სატვირთო მანქანა ყირიმის ხიდზე აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი ნავთობით დატვირთულ 7 ტანკერს წაეკიდა. სამანქანო გზის 2 საყრდენი ნაწილობრივ ჩამოინგრა, თუმცა ხიდის თაღი არ დაზიანებულა. 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მოსამართლე მოსკოვიდან“ - აცხადებს რუსეთი. 

გუშინ, 11 ოქტომბერს რუსულმა ტელეგრამ-არხმა BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა. ინფორმაცია დაუზუსტებელია.

BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

 

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. 

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა