რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ივან ნეჩაევმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ნეჩაევის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ წინადადებები მიუღებელი.
"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადებები მიუღებელია. მათი განხორციელება სადგურს კიდევ უფრო დაუცველს გახდის", - თქვა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლებს ელოდებიან.
***
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.
13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება".
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.