logo
ENG



რუსეთმა მარიუპოლის მცველ ჯარისკაცებს დანებება მესამედ მოსთხოვა - ახალი ულტიმატუმი

20 აპრ 202202:41
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთმა მარიუპოლის მცველ ჯარისკაცებს დანებება მესამედ მოსთხოვა - ახალი ულტიმატუმი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლის მცველ ჯარისკაცებს ულტიმატური მესამედ წაუყენა და კიდევ ერთხელ მოსთხოვა დანებება. 

რუსეთი ითხოვს, ჯარისკაცები 20 აპრილის დილის 11:00 საათამდე დანებდნენ. 

იგივე ულტიმატუმი თავდამსხმელმა ქვეყანამ მარიუპოლის მცველებს აქამდე ორჯერ წაუყენა, თუმცა, უკრაინული მხარე დანებებას არ აპირებს. 

რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლი მთლიანად აიღო. რუსული ჯარები მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც მარიუპოლის მცველები არიან გამაგრებულები. ქარხანაში ასევე იმყოფება 1000-მდე სამოქალაქო პირი - მოხუცები და ბავშვები. 

19 აპრილს, მარიუპოლის ფოლადის ქარხანას რუსეთი დღის განმავლობაში ბომბავდა. აზოვსტალი მთლიანად განადგურდა. აზოვის ბატალიონის ხელძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ ქარხანას სუპერ მძიმე ბომბები ესროლეს, ნანგრევების ქვეშ კი ძალიან ბევრი ადამიანია და ჯარისკაცები მათ ამოყვანას ცდილობენ.

აზოვსტალზე შტურმი რუსეთმა სწორედ 19 აპრილს დაიწყო. მანამდე რუსეთმა მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდა და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე მისცა. უკრაინელებმა ბრძოლის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. 

რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება 17 აპრილსაც მოსთხოვა, თუმცა, თავდამსხმელებმა მარიუპოლის მცველებისგან მაშინაც უარი მიიღეს. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს. 

მოქალაქეები და მებრძოლების წორედ აზოვსტალის მიწისქვეშა ბუნკერებში არიან გამაგრებულები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება, სწორედ ამ გზებით ხდება უკრაინელი მებრძოლების მიერ რუსების მიმართ ჩასაფრების ოპერაციები. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა