რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, გენადი ბესტაევს დღეს დაკრძალავენ.
დაკრძალვაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ჩავიდა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს სამძიმარი არ გამოუცხადებიათ.
გენადი ბესტაევი 16 თებერვალს გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ის 2 წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა ცხინვალის იზოლატორში.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ბესტაევს ნოემბერში ცხინვალის ე.წ. ციხეში ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. ის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასული წლის 16 ნოემბერს გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს.