logo
ENG



რუსული ფოსტა საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვას განიხილავს

17 მაი 202312:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/u074y6lmyfozcsd.jpg

რუსეთის ფოსტა საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსული ფოსტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რამდენიმე ავიაკომპანიიდან სტაბილური ფრენების დაწყების შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ საქართველოში გზავნილების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას", - აცხადებენ რუსეთის ფოსტაში.

კომპანია განმარტავს, რომ ამჟამად რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვები მესამე ქვეყნების გავლით სრულდება.

***

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც. 


close დახურვა