ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, იური მალაშკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა.
"ოკუპანტებმა სოფელ ზარიჩნეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა - 4 კაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს", - ამბობს მალაშკო.
ამასთან, ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელზე 126-ჯერ მიიტანეს იერიში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.