უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
"ხერსონის რეგიონის სოფელ პონიატოვკაზე [რუსებმა] თავდასხმა განახორციელეს. საცხოვრებელ კორპუსს დაუმიზნეს. 3 ადამიანი დაიღუპა, 1 ქალი და 2 ბავშვი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მტერმა მიზანმიმართულად შეუტია საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.
უკრაინის ცნობით, რუსეთის არმიაში დიდი დანაკარგების ფონზე, ოკუპანტებს იარაღის მწვავე დეფიციტი აქვთ. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 153 120 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.