logo
ENG



რუხაძე გავრილოვის განცხადებაზე: იფიქრებდით, რომ ქართული ოცნების განცხადება იყო

20 ივნ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

აქციის მზადება უკვე დაწყებულია რუსთაველის გამზირზე. აქტივისტები და ორგანიზატორიები იკრიბებიან, აქცია კი 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებასაც გამოეხმაურნენ. როგორც  ნოდარ რუხაძე აცხადებს, გავრილოვის განცხადება მმართველი გუნდის განცხადებების იდენტურია.

„ზუსტად ერთი წლის თავზე 20 ივნისიდან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ: ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც მათ 20 ივნისის ღამეს ჩაიდინეს. ჩვენ ვითხოვთ და ამას გავაფორმებთ არჩევნებით, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას იმაში, რომ 20 ივნისის ბრძანება ყოფილიყო გაცემული, ისინიც დაისაჯონ. დღეს განცხადება გაავრცელა სერგეი გავრილოვმა და მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის, რამდენად სინქრონული იყო მისი სიტყვები ქართულ ოცნებასთან. დღეს რომ არ მოგესმინათ, ვინ თქვა, რომ არ გენახათ ის ადამიანი, ვინც ამ ფრაზებს ამბობდა და წაგეკითხათ ტექსტი,  უბრალოდ, იფიქრებდით, რომ ეს იქნებოდა მორიგი განცხადება გიორგი ვოლსკის, მამუკა მდინარაძის ან ირაკლი კობახიძის, რადგან სინქრონში საუბრობენ ეს ადამიანები. ისიც ძალიან სიმბოლური იყო რომ სერგეი გავრილოვმა მოუწოდა ქართული ოცნების ხელისუფლებას იმისკენ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეები დაისაჯონ. სწორედ ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ მოვიდეთ დისტანციის დაცვით, პირბადეებით, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება“, - აცხადებს ნოდარ რუხაძე.

შეგახსენებთ, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშისტების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია.


close დახურვა