logo
ENG



რუხის კლინიკაში მყოფი ბოლო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა

30 ივნ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკა ბოლო კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა დატოვა. ის რიგით მე-14 პაციენტია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელდა. რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი 17 მაისიდან მკურნალობდა, იგი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან იყო და 15 დღით სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსისგან ინფიცირებული უკვე  ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონმა მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.

„გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში მყოფი ბოლო კოვიდინფიცირებული, მეორე PCR-ის პასუხი მოვიდა ნეგატიური. ის თვითიზოლაციაში იქნება ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად ამ პაციენტის გარდა კიდევ 3 პაციენტი იმყოფება კლინიკაში, მათი PCR კვლევები უარყოფითია, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გრძელდება დაკვირვება, მკურნალობა“,-აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.

ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 794 პაციენტი, გარდაცვლილია - 15.


close დახურვა