მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ "ცალკე აღებული არანაირი ამბიცია არ გააჩნია და არავისთვის თანამდებობის წართმევას არ აპირებს".
ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი როლის შეფასება ახლა მთავარი თემა არ არის და სხვებს მოუწოდებს, თავი დაანებონ "მასზე დებატებს":
"მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში. მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის", - წერს ის.
სააკაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა კამათი ტვ პირველის ეთერში გია ბარამიძესა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რაც ბარამიძის მხრიდან სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემის წამოწევას მოჰყვა.
თავად სააკაშვილმა გასულ დღეებში ვიდეომიმართვაში მხარდამჭერებს უთხრა: "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ". 14 ნოემბრის ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერთა ნაწილს ხელში ეჭირა წარწერები "მიშა ჩამოდი".
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ და საერთო აქციებით აპროტესტებენ. ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტსა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაში ერთსულოვანნი არიან.