logo
ENG



სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი

10 ივნ 202619:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/10/g9eqsfb6nl434y3.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში "რადიკალური ცვლილებები" იგეგმება. მისი თქმით, გუნდში შეთანხმდნენ, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი შეუერთდება.

"მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების შემქმნელი ენმ არის მრავალი ათასი გულანთებული, გონიერი, პატრიოტი ქართველის პარტია. ორგანიზაცია, რომელსაც უამრავმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ერთგულ იდეალისტურ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მათი წვლილის დაფასება სჭირდებათ.

პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა, დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის (როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის) გაერთიანება და არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება.

ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი.

პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებებისთვის.

ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.

პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა.

ამ ყველაფერში ნანუკას და ყველა ჩვენგანს დაგვჭირდება თქვენი დახმარება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენ ვაფასებთ ერთგულებასა და იდეალიზმს. ჩვენ ვართ სიმართლის მსახურები!

ახლა უკრაინის გამარჯვებების, უნგრეთში და სომხეთში რუსების დამარცხების, ევროპის და ამერიკის გააქტიურების ფონზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე.

შემდეგ ნამდვილ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქართველი ხალხი და განახლებული ნაციონალური მოძრაობა!", - წერს ის. 

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა Facebook-ზე თავად ნანუკა ჟორჟოლიანი. მან დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან. 

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადება საინტერესოა - "გამოწვევა გააზრებული მაქვს რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია რომ შანსია დიდი ცვლილებების".

"მოკლედ, ამბავი ასეთია.

მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა.

ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები.

მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან, ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა, ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ.

რა ეტაპზე ვართ?

მოლაპარაკების.

წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია რომ შანსია დიდი ცვლილებების.

მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედების, სხვების მოსაზრებების მოსმენის…

ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა.

პირად საუბრებშიც ესაა მთავარი თემა. კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებული ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა. ახლაც ამის დროა, ახალგაზრდება უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას.

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა.

როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება ხომ იცით დაწერაა ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 


close დახურვა