logo
ENG



სააკაშვილი ვაშაძის მე-2 განცხადებაზე: მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე

10 ნოე 202015:22
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/de0lo5t7kdoc42t.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის რიგით მეორე განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა წარწერით "მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე".

 

გრიგოლ ვაშაძემ ხსენებული მეორე განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დღეს, 10 ნოემბერს, მის მიერ გავრცელებულ პირველ განცხადებას მისსავე პარტიაში ვნებათაღელვა მოჰყვა.

პირველ განცხადებაში ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".

ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

ამ განცხადებაში ის ამბობს, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ  "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება", ის არ საუბრობს მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე.  თუმცა ამ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება "მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში" - ნათქვამია ის, რომ მოლაპარაკება უნდა იყოს "სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე".

მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ უკანასკნელ განცხადებას დაეთანხმა.


close დახურვა