logo
ENG



საარჩევნო რეფორმა — რა იცვლება და როგორ
21 მაი 202120:13
2580

შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის დოკუმენტში გაწერილი ვალდებულება, განახორციელონ "ამბიციური საარჩევნო რეფორმა", კანონპროექტის სახით უკვე პარლამენტშია განსახილველად. კანონპროექტი ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. დღეიდან, 21 მაისიდან კი საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. 

რამდენად ამბიციურია რეალურად ეს პროექტი, საბოლოოდ, რა დათმო ქართულმა ოცნებამ და რას მიაღწია ოპოზიციამ? იქნება თუ არა ეს რეფორმა იმის გარანტი, რომ მომდევნო არჩევნები თვისებრივად უკეთეს გარემოში ჩატარდება? — ამ თემაზე პოლიტიკურ მხარეებს არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ, თუმცა შეთანხმებაზე ხელმომწერი ლიდერები აცხადებენ, რომ პროექტში გაწერილ რიგ საკითხებში, ქართულ ოცნებას უპირატესობა აღარ ექნება. 

ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის კრიტიკის საფუძველი აღარ არსებობს და იგი უზრუნველყოფს ცესკოში მიუკერძოებელი წევრების არჩევას.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მხოლოდ ერთკაციანი უპირატესობა ექნება ქართულ ოცნებას საარჩევნო ადმინისტრაციებში, გაყალბებას კი ტექნოლოგიები გააკონტროლებს. 

ცვლილებებს არ ეთანხმებიან არასაპარლამენტო პარტიები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის გადაწვეტილების თაობაზე. 21 მაისს, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტია აპირებს, საარჩევნო რეფორმაზე საკუთარი ხედვა გაგზავნოს ვენეციის კომისიაში. 

ცესკოს შემადგენლობა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევა

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო: "გადადგეს თამარ ჟვანია და აირჩეს ახალი  ადმინისტრაცია". ოპოზიცია მას "გაყალბების შემსრულებლად" მოიხსნიებდა. 

ამ ცვლილებით, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამარ ჟვანია და პროფესიული ნიშნით არჩეული 5 ძველი წევრი ისევ თანამდებობაზე რჩება, რასაც მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნიან.  

სანაცვლოდ, როგორც მიშელის დოკუმენტშია მითითებული, ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათგან 9 პარტიული, 8 კი პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული.

ასევე, გათვალისწინებულია, რომ თავმჯდომარის მოადგილეს უმრავლესობაში არმყოფი პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან შეარჩევენ.

პროექტით, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით მხოლოდ საქართველოს პარლამენტი აირჩევს და არა თავად ცესკო. 

თუ მას აირჩევენ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადა იქნება 5 წელი, სხვა შემთხვევაში - 6 თვე.

როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი წევრი, პაატა მანჯგალაძე ფორმულასთან განმარტავს, მაღალი კვორუმი იქნება იმის გარანტი, რომ ოპოზიციის გარეშე ცესკოში წევრებს ვერ დანიშნავენ.

კერძოდ, არჩეულად ჩაითვლება ცესკოს ის წევრი, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. ხოლო, თუკი მას პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები ხმა ექნება, მხოლოდ 6 თვით აირჩევენ.

"პროფესიული ნიშნით უბრალოდ კიარ ხდება დამტკიცება, 2/3  (100 დეპუტატი) სჭირდება, ანუ ოპოზიციის გარეშე ვერ დამტკიცდებიან პროფესიული ნიშნით წევრები", - ამბობს ის ამატებს, რომ მისი აზრით, არჩევნებისადმი ნდობის გასაზრდელად, თამარ ჟვანიამ თავად უნდა დატოვოს თანამდებობა. 

2020 არჩევნების დროს, ოპოზიციის კიდევ ერთი ბრალდება განუხილველად დატოვებულ საჩივრებს უკავშირდებოდა.

პროექტით, კოდექსიდან ამოიღეს ის ქვეპუნქტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და მდივანს უფლებას აძლევდა, სათანადო საფუძვლის არსებობისას, საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა. ცვლილებით, ეს საკითხი კოლეგიალურად გადაწყდება. 

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბებას. ეს ჯგუფი უნდა შედგებოდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან.

კომისიების დაკომპლექტება

ცესკოს მსგავსი პროპორციებით დაკომპლექტდება საუბნო და საოლქო კომისიები. მათი შემადგელობებიც იზრდება 17 წევრამდე.

კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი და არა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რომელსაც წინა რედაქცია ითვალისწინებდა. 

აგიტაცია

გასული არჩევნების დროს ერთ-ერთ პრობლემად სახელდებოდა უბნების სიახლოვეს მდგარი ჯგუფები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები ეჭირათ და აღრიცხავდნენ. ამან არაერთი ინციდენტი გამოიწვია ადგილზე.

კანონპროექტში გაწერეს, რომ დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში, ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ხმების დათვლა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხმების დათვლის ღამეს ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია შესწორების ოქმების, როგორც სიმრავლემ, ისე მასში ასახული შეცდომების ხარისხმაც — ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვეოდა მიცემული ხმების რაოდენობას.

პროექტით, შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დაიშვება მაშინ, როცა დალუქული პაკეტები გაიხსნება, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და ბიულეტენებს ხელახლა გადაითვლიან. ეს მოხდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები ცვლილების მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ არჩევნების პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენებას. მათი აზრით, ამით თავიდან აიცილებენ ე.წ. კარუსელებს, ბიულეტენების უბნის გარეთ გატანას თუ ხმების დათვლისას არასწორი მონაცემების შეყვანას ოქმში. 

პროექტის ამჟამინდელ ვერსიაში ეს ნაწილი კონკრეტული დეტალებით აგწერილი არაა, თუმცა დამატებულია შესაბამისი მუხლი. 

დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ის, რისი მოლოდინიც  ბევრს ჰქონდა, დანერგილიყო ელექტრონული ხმის მიცემა, ვერ ხერხდება, მუშავდება სხვა პროცედურები.

მისი თქმით, საკომიტეტო განხილვებზე დაკონკრეტდება, რა ტიპის ტექნოლოგიას აირჩევენ საბოლოოდ, უფრო კონკრეტულად კი განმარტავს:

"სატესტო რეჟიმში უბნების 10%-ში სახის ამომცნობი პროგრამის დანერგვა. ამაზე ვმუშაობთ. ჯერ კიდევ ტესტირება არაა დასრულებული.

ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის ბიულეტენი რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს "სომხური კარუსელის" არსებობას - რეგისტრაციისას აიღებს ადამიანი ბიულეტენს, კომისიის წევრი მოახევს შტრიხკოდს, რომელსაც გაატარებს ელექტრონული წამკითხველი. ტაბლოზე/დაფაზე გამოჩნდება, რომ რაღაც ნომერი არის მოქმედებაში. ხმის მიცემისას ლიმიტირებულ ვადაში უნდა ჩავარდეს ეს ბიულეტენი ყუთში. ჩაგდებისას ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი გაატარებს ელექტრონულ წამკითხელში. ის, რომ მოეხა ყური და ჩავარდა, ამით შეიკვრება წრე და დაფიქსირდება, რომ [ბიულეტენი] გარეთ არ გასულა.

ხმების დათვლისას მანიპულაცია - მთვლელი გამოაცხადებს ვისთვისაა ხმა მიცემული, ეს უნდა აჩვენოს ვიდეოზე; ეს ვიდეო დააფიქსირებს ამას და უბნის ოქმის მონაცემებთან ერთად უნდა აიტვირთოს ცესკოს ვებგვერდზე".

 რა შეიძლება იყოს კანონპროექტის სუსტი მხარეები

საარჩევნო ცვლილებებს იწუნებენ არასაპარლამენტო პარტიები და ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ საჯაროდ არ გაუჟღერებია. ისინი ერთობლივად აპირებენ შეიმუშავონ ალტერნატიული კანონპროექტი და მათი ხედვა, რომელსაც ვენეციის კომისიას გაუგზავნიან.

კანონპროექტში გაყალბების პრევენციის მექანიზმებს ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი. მისი განცხადებით, ნარჩუნდება ცესკოს ის შემადგენლობა, რომელმაც აქამდეც გააყალბა არჩევნები. 

"ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებს, გავუგზავნით ჩვენს პოზიციებს ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენს ალტერნატიულ პროექტს", - თქვა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავას ჩამოთვლის იმ პრობლემებს, რასაც პროექტში ხედავს:

"მარტო თამარ ჟვანიაზე არაა საუბარი, აქ საუბარია 6 პროფესიულ წევრზე ყველა ოლქში, საქართველოს მასშტაბით, რომელთა გამოწვევა უნდა მოხდეს, ჩანაცვლდნენ რეალურად პროფესიონალი კადრებით და არა სუსის და ქართულ ოცნებასთან კოორდინაციით დანიშნული კადრებით. [...]

არაფერია ჩადებული გასაჩივრების მექანიზმებზე, გადათვლაზე. როდესაც საუბარია, რომ თითოეულ ოლქში 5 უბანი უნდა გადაითვალოს, ყაზბეგში და ქუთაისში 5 უბანს ვერ გადაითვლი, რადგან განსხვავებულია ელექტორალური წონა; ბევრი საკითხია, რომელზეც ოპოზიციას მოუწევს ბრძოლა. 

ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მმართველ გუნდს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფიდან არასაპარლამენტო პარტიების გამოთიშვის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა საარჩევნო საკითხები წყდება და ამაში არასაპარლამენტო პარტიები არ მონაწილეობენ.

"დავაფიქსირებთ ჩვენს ძალიან მკვეთრ და მყარ პოზიციას და იმედი მაქვს, ე.წ. ხელმომწერი პარტიები გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, იმას, რომ ხელისუფლება მართლაც ცდილობს გააძვრინოს რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები", - ამბობს ის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ცესკოს დაკომპლექტებისას ოპოზიციამ კარგი კანდიდატურები წარადგინოს. მისი თქმით, 17-დან 10 ახალი წევრი ეყოლება ცესკოს და ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს. 

close დახურვა