logo
ENG



სააღდგომო შერკინება - დაძაბულობა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის

26 აპრ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 

კრიზისი, რომელიც საქართველოში მთავრობებსა და საპატრიარქოს შორის ახლა უფრო მკვეთრად გამოჩნდა, დღეს არ დაწყებულა. მისი ფესვები ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რიგითი მოქალაქისთვის ხშირად რთულად გასაგებია ის ურჩობა, რასაც ეპისკოპატი იჩენს კონსტიტუციის მიმართ და რიგითი მორწმუნე მოქალაქისთვისაც, ხშირად ასევე გულწრფელად გაუგებარია, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ეკლესიას რამისკენ მოუწოდოს, და როცა თითქოს მთელი საზოგადოება ერთი კონკრეტული პრობლემის, კორონავირუსის დასამარცხებლად გაერთიანდა, ამ დროს გამოჩნდა მთავრობის სუვერენულობის კრიზისი.

ამ კრიზისმა და მისმა მიმდინარეობამ ბუნებრივია გააჩინა კითხვა თუ ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული: პასუხი მარტივი ვერ იქნება და სხვადასხვა ვერსიის დამაჯერებლობას გარკვეული დროის გასვლა ჭირდება. თუმცა ერთი რამ რაც შეუძლებელია არ შეგვემჩია, უნდა გამოვყოთ და დასკვნებზე შემდეგ ვიფიქროთ:

ხელისუფლებამ პანდემია მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხისა და მოსალოდნელი სოციალური კატასტროფის კუთხით სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევად გამოაცხადა, ამას მოჰყვა შესაბამისი ნაბიჯები: საზღვრების ჩაკეტვა, ეკონომიკის გაჩერება, ათასობით ადამიანის მკაცრი კარანტინი, დანარჩენის თვითიზოლირება და კომენდანტის საათი. მკაცრი ზომების შედეგად შექმნილი ეპიდემიის დინამიკა და სავარაუდო პიკი დროში მნიშვნელოვნად გადაიკვეთა საეკლესიო დღესასწაულებთან. დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები და კონსულტაციები საპატრიარქოსთან. მთავარი მომლაპარაკებელი აღმოჩნდა არა ის ხელისუფალი, რომელიც მისიანებისვე ეპიტეთებით რომ შევამკოთ, ხელმწიფეა და ჩვენი დროების მმართველობითი სისტემის მშობელი, უმაღლესი სუვერენია, არამედ პრემიერი, რომელსაც კონსტიტუციაში კი უწერია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების თავია, მაგრამ სანამ რამის აღსრულებას დაიწყებს, მთავარ თავს თუ არ შეეხმიანა და ყველა მნიშვნელოვან სიტყვაში არ მოიხსენია, ისე მის სიტყვას არანაირი ფასი აქვს.

მომლაპარაკებელი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ეკლესიის პოზიციის გამოხატვის უფლების მქონე ოთხი იერარქიდან ერთ-ერთმა, ანუ ქორეპისკოპოსმა საპატრიარქო გადატრიალების მცდელობაში საჯაროდ ამხილა. ამას კათოლიკოსისგან და სინოდისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ არაკორექტული სიტყვებისთვის მსუბუქად უსაყვედურეს, ხოლო იგივე იერარქი ეპიდემიის ფონზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ კომენტატორად შემოგვთავაზეს. ამ ფაქტების ერთობლიობას თუ იმასაც მივამატებთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა წლების განმავლობაში კარგად გააცნობიერა საპატრიარქოს პოზიციების ფასი და სრულყო ამ ინსტიტუტის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ენა, რთული წარმოსადგენია, რომ გახარიას მიერ წარმართული მოლაპარაკების პერსპექტივა ვერ გაეთვალა. 


close დახურვა