logo
ENG



საბა სხვიტარიძე: სამმართველოში თავში მირტყამდნენ, ერთ-ერთი ზონდერი ხელის მოტეხას ცდილობდა

24 დეკ 202423:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/24/1821fobqntrpoz0.jpg

სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, ციხიდან წერილს ავრცელებს და დაკავების დეტალებზე წერს. 

ის პოლიციის სამმართველოს შენობაში მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს აღწერს და აცხადებს, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში ნიღბიანებმა რამდენჯერმე სცემეს.

საბა სხვიტარიძე პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან.

წერილი სრულად:

"ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში.

როცა დამიჭირეს იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს, პასუხი თუ რაზე მაკავებდნენ მიპასუხეს, რომ მეტყვიან სხვები, როდესაც მამაჩემს ვუთხარი დაერეკა ჩემს ადვოკატთან, მამაჩემს ჩამოართვეს ტელეფონი, რა თქმა უნდა პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ ვერ მივიღე.

ჩამსვეს მანქანაში და დაიძრნენ თბილისის მიმართულებით, დაახლოებით გორთან, სოკარის ბენზინ გასამართ სადგურთან დაგხვდა შავი ოპერატიული მანქანა და იქ გადამცეს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა იმათაც არ განმიმარტეს თუ რაზე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილი და მითხრეს, რომ 20 წუთში გავიგებდი რატომ ვიყავი დაკავებული. როდესაც მივედით თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი, მოწმის სტატუსით მომიყვანეს სამმართველოში, საშვი გამიფორმეს და ამიყვანეს მე-5 სართულზე, ყველაფერი აქედან დაიწყო. ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს. შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.

მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის ‘’ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს ირონიით მიმეორებდნენ გზაშიაო, აქ, რომ მორჩნენ თავიანთ საქმეს გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე, ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი! შემდეგ შემიყვანეს გვერდზე კაბინეტში გამომძიებელთან, გამომძიებელი იყო ქალი პოლიციის ფორმაში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა კაცი, რომელიც ოქმს ავსებდა, მოვითხოვე ადვოკატი და რაზეც დამცინავად მიპასუხეს, რომ გზაშია, ქალი გამომძიებელი კი რაღაცას ავსებდა და მონაცემებს მეკითხებოდა, რა დროსაც მის გვერდზე მჯდომმა კაცმა მითხრა დაზიანებები მანახეო და მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი, რა დროსაც დაიწყო ისევ ძალადობა ჩემზე, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები. დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ ვიძალადე თუ არა პოლიციაზე, ჩემი პასუხი იყო რომ არა. ამის შემდეგ ისევ თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი რაზეც მე ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს კაპეზეზე. კაპაეზეზე ჩემი ცემა არ გაგრძელებულა, პირიქით კაპეზეს თანამშრომლები გამოირჩნენ კეთილგანწყობით.

კაპეზეზე მინახულა სახალხო დამცველმა და დეტალურად ჩაიწერა ჩემი ჩვენება, ასევე შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო და როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო ? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა ისევ, გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც, რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა", - ვკითხულობთ წერილში. 

 

 


close დახურვა