logo

საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

11 მაი 202111:56
3 წუთის საკითხავი
clock 1492

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.

"ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში ნახევარი წელია მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა. 

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა. 

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო. 

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს. 

close დახურვა