logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ლოცვა ტაძრებში ჩვეულ ფორმატში აღავლინეს

21 მარ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

მწუხრის ლოცვა ტაძრებში ჩვეულ დროს, ჩვეულ ფორმატში აღავლინეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეკლესიების დღის წესრიგზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ არც არაფერი შეიცვლება იქამდე, სანამ საპატრიარქოსგან შესაბამის მითითებებს არ მიიღებენ. ხვალ, ტრადიციულ დროს დაიწყება დილის წირვაც, შემდეგ კი ზიარება. 

საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი შეზღუდვა, ხალხმრავალი თავყრილობები და 10-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნაა. ჟურნალისტების კითხვაზე, ვრცელდება თუ არა უსაფრთხოების ეს ზომა რელიგიურ დაწესებულებებზე - პრემიერის პასუხია, რომ ის ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება. 

მთავრობის ხელმძღვანელის ამ განცხადების საპასუხოდ, საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ამიტომ უცნობია, რას გეგმავს მართლმადიდებელი ეკლესია და აპირებს თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაზიარებას. კითხვებზე პასუხს ელოდება მრევლიც.

იურისტების განმარტებით, პირდაპირი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შეკრების შეზღუდვა რელიგიურ დაწესებულებებზეც ვრცელდება, ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს. თუმცა ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა გაბედოს და საზოგადოებისთვის მკაფიო განმარტება გააკეთოს - რა არის უსაფრთხო და რა რისკის შემცველი.  

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე უცვლელი რჩება საერთო კოვზით ზიარების წესი, არ წყდება წირვა-ლოცვაც. გუშინდელი მრავალსაათიანი სხდომის შემდეგ, სინოდმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის ტაძრებში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, რათა ღვთისმსახურების დროს მრევლმა დისტანციის დაცვა შეძლოს. სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა ისიც, რომ ეპიდემიური სიტუაციის გართულების პარალელურად, შესაძლოა ეს გადაწყვეტილებები გადაიხედოს. 

თეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ საპატრიარქოს არგუმენტები გაუგებარი და არათანმიმდევრულია.  

სამების საკათედრო ტაძარში ხვალ დილის წირვას კათოლიკოს-პატრიარქი  ჩაატარებს. წირვის შემდეგ კი იქნება ზიარება მოქმედი წესით. 


close დახურვა