logo
ENG



საგარეო: კასიანოვს უკრაინის დაზვერვის ცნობაზე მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა ეთხოვა

02 მაი 202216:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი გამოიძახეს.

მათი ცნობით, კასიანოვს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა ეთხოვა.

"შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (5 აპრილს).

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, სანქციებს გვერდი სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით აუაროს. უკრაინული დაზვერვის ცნობით, მოსკოვი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება რუსული პროდუქციის წარმოება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და ექსპორტი მესამე ქვეყნებში.


close დახურვა