საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მოლაპარაკებების გზით შეთანხმება იქნება მიღწეული.
"საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, 10 ოქტომბერს, 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თუმცა, მოლაპარაკების პერიოდშიც ორივე მხარე თავდასხმებზე ლაპარაკობდა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.