საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას ერთ-ერთი დაჭრილის მამა ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი შვილი რეანიმაციაშია და დიდი ოდენობით სისხლი სჭირდება.
საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის, გიორგი კიკნაძის მამა მოსახლეობას მეორე ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლის ჩაბარებით დახმარებისკენ მოუწოდებს.
- ნებისმიერი ჯგუფის და რეზუსის სიხლის ჩაბარება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სისხლის ბანკში. ხდება სხვადასხვა ჯგუფის სისხლის საჭირო ჯგუფის სისხლზე გადაცვლა და საგარეჯომდე ტრანსპორტირება.
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს ეზოში, კორპუსში და რამდენიმე ადამიანი არის გარდაცვლილი. ჩემი შვილის მეგობრები იყვნენ. ღმერთმა განუსვენოს მათ სულებს და მათ ოჯახებს ვუსამძიმრებ. ჩემი შვილი, გიორგი კიკნაძე არის რეანიმაციაში. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, იქნებ სისხლით დაგვეხმაროთ. ამ ეტაპზე სისხლი სჭირდება ბევრი, ბევრი სისხლი დაღვარა.
ექიმები ამბობენ, რომ ახლა შედარებით კარგადაა, მთავარია, სისხლი არ მოგვაკლდეს. ბევრი სისხლი დაღვარაო და ბევრი სჭირდებაო.
კუჭში მოხვედრია ერთი [ტყვია], გაუხეთქია კუჭი და ბარძაყზე აქვს დაზიანება. როგორც მითხრეს 2 ტყვია [მოხვდა].
როგორც მითხრეს ოპერაციამ კარგად ჩაიარაო. ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ“ - აცხადებს დაშავებულის მამა, დეკანოზი თეიმურაზი.
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.