საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ იუსტიციის სახლებში აღებული კოვიდ-პასპორტები განახლდეს.
მისივე თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში.
"საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა.
შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში",- თქვა ღიბრაძემ.
მისივე ცნობით, კოვიდ სერთიფიკატით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სპეციალური აპლიკაციის Georgia e-Health მეშვეობით, რომელსაც მომხმარებელი გადმოწერს app store-დან და google store-დან. ამისათვის, საჭიროა აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლა.
"ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდ-პასპორტი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის".