თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ერთი დღით შეჩერდა. ინფორმაცია ფორმულას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს ბანკი დღის განმავლობაში გაავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაყიდვა ხვალიდან გაგრძელდება.
სამგზავრო პაკეტების შეძენა მეტროს სალაროებში 5, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი 6 იანვარს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ facebook-ზე გავრცელდა ბარათის ფოტოები, სადაც ჩამონათვალში ავტობუსთან, მიკროავტობუსსა და მეტროსთან ერთად "საბაგარო" წერია.
პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ავტობუსებში მგზავრობა ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი.
ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.
სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.
შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები.