საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.
"როგორც საია-ში აცხადებენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა - მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები", - აცხადებენ საია-ში.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.
ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.
წინასწარი შედეგები ასეთია:
ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)
ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)
ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა)
გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)
ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)
პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14% (60 493 ხმა)
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1,33% (25 534 ხმა)
ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში - ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.