logo
ENG



საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ ტურავას გასაყვანად თანამდებობებით ვაჭრობენ - აბესაძე

23 ივნ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს ეხმაურებიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ პროცესით მმართველი გუნდი და პირადად მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სწორედ ამის დამადასტურებელია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ექსკლუზივიც, რომელიც ე.წ. კლანისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის გარიგებას უკავშირდება.

„რა თქმა უნდა ბატონი ტურავა, რომელმაც ერთხელ უკვე თავი მოიავადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალების შესასრულებლად და უარი თქვა სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულებაზე, როგორც ჩანს არის იდეალური კანდიდატი. თუმცა არ არის ერთსულოვნება საკონსტიტუციო სასამართლოს შიგნით და როგორც ჩანს, იმისათვის, რომ  გაიყვანონ ბატონი ტურავა, ამ ყველაფერს ემატება სახელმწიფო თანამდებობებით ვაჭრობა. როგორც ფორმულას ინფორმაციიდან ირკვევა, ქალბატონი მანანა კობახიძის ძმას შესთავაზეს სამოსამართლეო სკამი იმისთვის, რომ მოხდეს ბატონი ტურავას მხარდაჭერა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ის გახდება, ვინც პირადად ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება.

„ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაკომპლექტებულია პირადად ივანიშვილის პოლიტიკური და მისი მომსახურე კადრებით და რა თქმა უნდა, თავმჯდომარედ იქნება არჩეული ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ემსახურებოდა ხელისუფლებას, ემსახურება ახლა და მოემსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილს და იქნება მისი ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესების დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ფორმულას“ექსკლუზიური ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა.


close დახურვა