logo
ENG



საკონსტიტუციო: პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება განსახილველად პლენუმს გადაეცა

18 სექ 202315:21
3 წუთის საკითხავი
 
საკონსტიტუციო: პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება განსახილველად პლენუმს გადაეცა
ვახო ქარელი/ფორმულა

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

საკონსტიტუციოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

განცხადების თანახმად, ქართული ოცნების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა.

"მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“).

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით", - ნათქვამია განცხადებაში.

***

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა