პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 29 აპრილს შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
პრეზიდენტის განცხადებით, არსებული სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს გამოსაყენებლად არ იყო საკმარისი და კანონი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, მაგრამ მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სამართლებრივ არგუმენტებსაც. ახალი ცვლილებები არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები იმართებოდა როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ ძალასთან.
ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში 6 მაისს შეხვდა. ხოლო ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრები დღეს გამართა. მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, პრეზიდენტს შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.
რა ცვლილებები შევიდა კანონში?
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.
ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე.
- 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.
- 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით.
ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე.
- 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.
კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.
საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა.
კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია, ხოლო ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.