დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ, რომლის გამოც მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებისგან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო. პოლიტიკოსების დაპატიმრება, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, მოსამართლეთა დანიშვნა - ეს საკითხები ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიმართულებით, მწვავე კრიტიკა და მოწოდებები ისევ იქნება. მათი განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს ევროდეპუტატები ნათლად ხედავენ, სწორედ ამიტომ მმართველი ძალა კიდევ ერთ მწვავე შეფასებას მიიღებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, ანგარიში კრიტიკული იქნება.
„ჩვენი მეგობრებისგან იქნება ძალიან საფუძვლიანი კრიტიკა. მოწოდებები, რომ შესრულდეს ის ვალდედბულებები, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული საკუთარ თავზე. ამავე დროს, იქნება უზარმაზარი მხარდაჭერა ქართველი ხალხის. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ვინც აბრკოლებს ჩვენს ურთიერთობებს ევროპასთან. მათ შორის, შესაძლოა, ეს გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი იმ დახმარების მისაღებად, რომელიც ასე სჭირდება ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ევროპარლამენტარები და ევროპელი პარტნიორები კრიტიკის მიუეხადავად საქართველოს მეგობრები არიან და ცდილობენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დემოკრატიის კუთხით, გაუმჯობესდეს.
„სრულიად ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპარლამენტში, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ძალიან საღად აფასებენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, როგორც პოლიტპატიმრებთან არსბეულ სიტუაციას, ისე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია, ეს ადამიანები უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები არიან. უნდა ველოდოთ წერილებსა და განცხადებებს. ჩვენი ამოცანა არაა, რომ ევროპარლამენტიდან წერილები და განცხადებები მოდიოდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული შეთანხმებები შესრულდეს და ის პრობლემები, რომლის გამოც განცხადებები კეთდება, აღარ არსებობდეს“, - აღნიშნა კაპანაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კი მიაჩნია, რომ ანგარიშში მძიმე შეფასებები იქნება, რაც ოცნების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას დააჩქარებს.
„ევროპარლამენტი უკვე ჩამოყალიბდა, რომ ევროკავშირი 500 მილიონი ევროთი აპირებს საქართველოს დახმარებას, მაგრამ მას ექნება თავსი კონდინციები. წინაპირობა იქნებ, სამართლიანი არჩევნები. გიორგი რურუას გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება და ოდირის რეკომენდაციები. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენზე ზრუნავს ევროკავშირი. თუ დემოკრატიული ინსტიტუციები ქვეყანაში არ არის და დემოკრატიულად არჩევნები არ ტარდება, მაშინ გაჭირვება და შიმშილი შეგვაწუხებს სამუდამოდ. ველოდები იმას, რომ ქართული ოცნება მძიმე შეფასებას მიიღებს, რაც ვალდებულებების შესრულების პროცესს დააჩქარებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროპარლამენტი კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზდება - ანგარიშის პროექტი უკვე მზადაა და მასში 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა.
დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ. მთავარი თემა იქნება - "როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას".